ოზურგეთში, სოფელ ბახვში გაშენებული “ბახვის ჩაის” უმაღლესი ხარისხის ჩაის წარმოებას ზრდიან. როგორც ფერმერი გაბრიელ თენიეშვილი ამბობს, ბაზრები, სადაც საშუალო ხარისხის ჩაი გაჰქონდათ, ომის გამო ჩაიკეტა, ამიტომ აშშ-ის ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებას ზრდიან.
„30%-მდე შევამცირეთ საშუალო ხარისხის ჩაის წარმოება და უმაღლესი ხარისხის ჩაის რეალიზაციას ვზრდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პროდუქცია, ომის გამო, უკრაინის და რუსეთის ბაზრებზე ვეღარ გაგვაქვს. რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე საშუალო ხარისხის ჩაი გადიოდა. ახლა ალტერნატივა ამერიკის ბაზარი გვაქვს. ამერიკის და ევროპის ბაზრებზე კი მაღალი ხარისხის ჩაიზეა მოთხოვნა.
ჯერ ახალი საექსპორტო ბაზარი არ დაგვიმატებია. ჯერჯერობით პროდუქციას ვამზადებთ და ვაპირებთ ამერიკის ბაზარზე გავიტანოთ. აქამდეც გვქონდა მცდელობა ამერიკის ბაზარზე გატანის მაგრამ კოვიდის გამო შევჩერდით, ახლა გვინდა კავშირები განვაახლოთ. ახლა მხოლოდ ევროპის ბაზარზე გავდივართ. ადგილობრივ ბაზარზე ბევრგან არ ვართ წარმოდგენილი, რადგან ჯერ პროდუქცია ბრენდირებული არ არის. ვმუშაობთ ბრენდირებაზეც“, – განაცხადა გაბრიელ თენიეშვილმა.
ცნობისთვის, ომის დაწყებამდე უკრაინის ბაზარზე 1.5 ტონა „ბახვის ჩაი“ გადიოდა, რაც დაახლოებით 50 000 ლარის ღირებულების იყო. ოზურგეთში, სოფელ ბახვში გაშენებული “ბახვის ჩაის” ბაღებიდან მიღებული 1 კგ-ის ჩაის ღირებულება 50 ლარია. დასაქმებულთა რაოდენობა კი 25 ადამიანს შეადგენს.