კონკურენციის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს – 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.
- ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1 120 562 ლარი
- შპს „თინეთს“ (100%-იანი წილის მფლობელი TBC Bank Group PLC-ს) – 544 328 ლარი
- შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5 368 ლარი
სააგენტო წერს, რომ მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს ,,სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს ,,თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს ,,ელ ბილეთები’’, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.
მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა. შესაბამისად, მოკვლევის დასრულებამდე და სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ბაზარზე მომჩივან კომპანიას უკვე მიეცა ოპერირების საშუალება, რითაც გაიხსნა ჩაკეტილი ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო.
მოკვლევა 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა – სს „თიბისი ბანკისა“ და TBC Bank Group PLC-ს მიმართ კანონის მე-7 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. აგრეთვე, კანონის მე-6 მუხლის დარღვევა არ დადასტურდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მიმართ.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ – შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
გარდა ამისა, კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით 3 განსახილველად სავალდებულოდ რეკომენდაცია გაიცა. რაც მოიცავს შემდეგს – ბილეთების ონლაინ რეალიზაციის მიზნით, პარტნიორი ეკონომიკური აგენტის/აგენტების შერჩევის პროცესი განხორციელდეს საჯარო, ღია და ხელმისაწვდომი საკონკურსო პირობების გათვალისწინებით, ხოლო შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება უზრუნველყოფილ იქნას ყველა დაინტერესებული ეკონომიკური აგენტისთვის. ასევე, ბილეთების დისტრიბუტორებმა, ორგანიზატორებმა, ონლაინ რეალიზატორებმა სახელშეკრულებო ურთიერთობები აწარმოონ იმგვარად, რომ ის არ აწესებდეს გაუმართლებელ ბარიერს ბაზარზე შესასვლელად და არ ზღუდავდეს ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას შესაბამის ბაზარზე. გარდაუვალი აუცილებლობით ექსკლუზიური მიწოდების პირობის გამოყენების შემთხვევაში უნდა იყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია სააგენტოს განხილვის საგანი გახდეს.
2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 8 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 6 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, კინოთეატრების ელექტრონული ბილეთების რეალიზაციის, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.
სანქცირებულ კომპანიებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში