ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლის ტექნოლოგიას $4.5 მილიონად შეისყიდის
ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლისთვის და ამომრჩეველთა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციისთვის ბრიტანულ კომპანია Smartmatic International Holding-თან 4.5 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებში ცესკო ასევე მიიღებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლითაც საარჩევნო უბნები საოლქო კომისიებში გააგზავნიან მიღებულ შედეგებს.
ცესკოს მიერ შესასყიდი აპარატურის ჩამონათვალი:
- ამომრჩეველთა ვინაობის ამომცნობი დამადასტურებელი აპარატები – 840 ერთეული;
- ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი – 520 ერთეული;
- საარჩევნო ბიულეტენების ყუთი – 520 ერთეული;
- კენჭისყრის შენობიდან შედეგების ცესკოს სერვერზე გადაცემის პროგრამული უზრუნველყოფა (MS SQL) თავსებადი;
- აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით შედეგების გადაცემისთვის მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ იქნება 170 ერთეული ტაბლეტი.
კონტრაქტის მიხედვით, აპარატურის მიწოდება 2023 წლის მარტი-მაისის პერიოდში უნდა მოხდეს.
თავად Smartmatic International Holding-ი 2000 წელს არის დაფუძნებული და იურიდიულად ის ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული, თუმცა ორგანიზაცია პოზიციონირებს როგორც ბრიტანული და საერთაშორისო კომპანია. 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში; კენიაში; ფილიპინებში; ნორვეგიაში (ინნალანდეტის ოლქში); ალბანეთში; ბულგარეთში; ჰონდურასში; კანადაში (ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში).