2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დაფინანსება 310 მილიონი ლარი დაჯდება, რაც 2022 წელს არსებულ დაფინანსებაზე 50 მილიონით მეტია. ეს არის თანხა, რომელსაც მთავრობა დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადიდან იღებს და საპენსიო ფონდში რიცხავს. ამ კონტრიბუციის მოცულობა დასაქმებულის ხელფასის 2%-ს შეადგენს. დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1.3 მილიონი დასაქმებული მონაწილეობს, ხოლო მათ მიერ დაზოგილი თანხა 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს
2023 წლის აგვისტოდან მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ მათი საპენსიო დანაზოგის ინვესტირების მოდელი.
კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია – ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.
2023 წლამდე საპენსიო სისტემაში არსებული ყველა დანაზოგი ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში არის ნომინირებული. სამივე რისკიანობის დონე ითვალისწინებს უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობას. კერძოდ კი, საინვესტიციო დოკუმენტით რისკიანობის დონეები ასეთია:
ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი (სულ მცირე 5- წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით):
- ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) – ლიმიტი 75%-მდე;
- სასესხო ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 100%-მდე;
- წილობრივი ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 20%-მდე;
- უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები – ლიმიტი 20%-მდე.
საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი)
- ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) – ლიმიტი 50%-მდე;
- სასესხო ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 75%-მდე;
- წილობრივი ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 20%-დან 40%-მდე;
- სხვა აქტივები – 10%-მდე;
- უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები – 40%-მდე.
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი)
- ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) – ლიმიტი 25%-მდე;
- სასესხო ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 50%-მდე;
- წილობრივი ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 40%-დან 60%-მდე;
- სხვა აქტუვები – 10%-მდე;
- უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები – 60%-მდე.