კომპანია „სადილის“ დამფუძნებლის, პაატა აროშიძის განცხადებით კომპანია „სადილის“ პროდუქტით აღმოსავლეთ ევროპიდან, აშშ-დან და გალფის ქვეყნებიდან დაინტერესდნენ.
„ახლა ვიმყოფებოდით საკვებისა და სასმლის საერთაშორისო გამოფენა Gulfood-ზე, სადაც საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი კონტაქტი დავამყარეთ – ძირითადად იმ ქვეყნების წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ, სადაც ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს იცნობენ, ესენი არიან აღმოსავლეთ ევროპიდან უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ა.შ, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც. გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში შერეული მოსახლეობაა და დიდი ნაწილი სწორედ ჩვენთან დაახლოებული ქვეყნების მოქალაქეები არიან, დაინტერესება იქედანაც მივიღეთ, ამ ეტაპზე სერთიფიკატების მოპოვების პროცესში ვართ, რაშიც USAID გვეხმარება და უახლოეს მომავალში ამ ბაზარზე გამოვჩნდებით.
ნიმუშები გალფის ქვეყნებშიც გაგზავნილი გვაქვს, სადაც სპეციალური „ჰალალ“ სერთიფიკატის მოპოვებაა საჭირო, სწორედ ამიტომ ჩვენ ღორის ხორცზე საერთოდ არ ვმუშაობთ და ნებართვების მიღების შემდეგ, წლის ბოლომდე, ამ ქვეყნებშიც გამოვჩნდებით,“ – განაცხადა პაატა აროშიძემ.
აროშიძე აღნიშნავს, რომ ექსპორტი ბევრ ბიუროკრატიულ პროცესთანაა დაკავშირებული, თუმცა ორი წლის წინ „სადილმა“ სოკოს კონსერვის 15 000 ქილა კანადაში უკვე გაგზავნა, ამიტომ პაატა ურუშაძე თვლის, რომ კომპანიას ბაზრების გაფართოების პოტენციალი აქვს. აქვე შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჯეო ნატურალსმა“ 2016 წელს დედოფლისწყაროში „სადილის“ ბრენდით საწარმო აამოქმედა, რომელშიც 5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო.
„სადილი“ საცივს, ტოლმას, ფლავს, ხარჩოს და სხვა ქართულ კერძებს კონსერვების სახით აწარმოებს, თვიური წარმადობა 200 000 ქილაა და მისი ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ კი ქსელურ მარკეტებში რეალიზდება, მიმდინარე წელს კი კომპანია ადგილობრივი ბაზრის წილის გაფართოებას გეგმავს. ამ დროისთვის კომპანიაში 45 ადამიანია დასაქმებული, აქედან 30 კადრი უშუალოდ წარმოების პროცესში ერთვება