60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები – „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება, რომელთა სარგებლობასაც პროგრამაში ჩართულ პირებს მერია სრულად დაუფინანსდებათ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შარშან დავიწყეთ პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის, რაც საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას გულისხმობდა. ეს პროგრამა გრძელდება და მასში ჩართვის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი გაფართოება. შედეგად, პროგრამას დაემატა ორი კერძო სპორტული ობიექტი, რომლით სარგებლობაც ისევე სრულად დაუფინანსდებათ პროგრამაში ჩართულ პირებს, როგორც მუნიციპალურ ცენტრებში უფინანსდებოდათ. პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი პროგრამით გათვალისწინებული პირობებით მიიღებენ შესაბამის მომსახურებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
პროგრამაში, ასევე ჩაერთვება ის მულტიფუნქციური ცენტრებიც, რომლებიც დიდ დიღომსა და ვარკეთილში აშენდება.
„დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე დამთავრდება. აღნიშნულ პროგრამაში ეს ცენტრებიც ჩაერთვება. აქაც უფროსი თაობისთვის გამოყოფილი იქნება დრო, როცა ისარგებლებენ არსებული სივრცეებით“, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.