თურქეთი ზაფხულის წლევანდელი სეზონის გასატარებლად ყველაზე იაფ დასასვენებელ ადგილად დასახელდა. ინფორმაცია Penfold-ის ექსპერტთა ჯგუფის ბოლო კვლევის მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც Express ავრცელებს.
თურქეთში დამსვენებლების ყოველდღიური ხარჯი, საშუალოდ, მხოლოდ 15 ევროს შეადგენს. ექსპერტების შეფასებით, თურქეთი შესანიშნავი ვარიანტია ტურისტებისთვის, რომლებიც მზის ქვეშ მშვიდ დასასვენებელ სანაპიროს ეძებენ. ამასთან, ქვეყანაში უამრავი საინტერესო ისტორიული ღირსშესანიშნაობაა.
რეიტინგის შედგენისას არ იყო გათვალისწინებული თურქეთისკენ მიმავალი გზის ღირებულება. ამდენად, ამ ქვეყანაში ევროპელებისთვის დასვენების საბოლოო ფასი შესაძლოა, საჰაერო მოგზაურობამ შედარებით გააძვიროს, განსხვავებით პოლონეთისგან, რომელმაც დისტანციური პრიორიტეტის გამო რეიტინგში მე-2 ადგილი დაიკავა.
ზაფხულის გასატარებლად წელს ევროპის ყველაზე იაფი მიმართულებები:
თურქეთი (საშუალო დღიური ბიუჯეტი 15 ევრო).
პოლონეთი (21 ევრო)
ბულგარეთი (26,5 ევრო)
უნგრეთი (32 ევრო)
რუმინეთი (37 ევრო)
ხორვატია (39 ევრო)
კვიპროსი (46 ევრო)
პორტუგალია (57,5 ევრო)
საბერძნეთი (62 ევრო)
ესპანეთი (68 ევრო)
წელს ევროპის ყველაზე იაფი ქალაქების სიაში, ასევე, თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქი, იზმირი ლიდერობს. ხმელთაშუა ზღვაზე, დასავლეთ ანატოლიის ეს საპორტო ქალაქი თავისი სანაპირო ზოლით, ბაზრებითა და უძველესი ნანგრევებით გამოირჩევა. მართალია, იზმირში შესაფერისი საბანაო პლაჟები არ არის, მაგრამ იქიდან პოპულარულ კურორტებზე, ალაჩათსა და ჩეშმეში მოხვედრა მარტივად არის შესაძლებელი.