კორპორაცია Meta მის სოციალურ ქსელებში Facebook და Instagram ფასიანი ვერიფიკაციის ფუნქციის ტესტირებას დაიწყებს. ამის შესახებ The Verge-ი Meta-ს ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„ამ კვირაში Meta Verified-ის დანერგვას ვიწყებთ – ეს სერვისი შესაძლებლობას მოგცემთ დაადასტუროთ თქვენი ანგარიში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, მიიღოთ ლურჯი ნიშანი და დამატებით დაცვა იმ ანგარიშებისგან, რომლებიც ცდილობენ თავი თქვენად გაასაღონ“, – დაწერა ცუკერბერგმა Instagram-ზე.
ფასიანი ვერიფიკაცია 18 წელზე უფროსი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი ღირებულება ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში თვეში 11,99 დოლარი იქნება, აპლიკაციის მეშვეობით შეძენისას კი 14,99 დოლარი. ამ კვირაში ფუნქცია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ამოქმედდება, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში.
Meta Verified იმ ფასიან ვერიფიკაციას ჰგავს, რომელიც 2022 წლის ნოემბერში Twitter-ზე გაჩნდა, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელი ილონ მასკმა იყიდა. Twitter-ზე ვერიფიკაციის ნიშანი 8 დოლარი ღირდა, თუმცა კომპანიამ გაყიდვები მალევე შეაჩერა, რადგან მათი ყიდვა ფეიკ-ანგარიშების მფლობელებმა დაიწყეს. დეკემბერში ფუნქცია ხელახლა ამუშავდა.
The Verge- წერს, რომ Meta-ს მიდგომა უფრო სერიოზულად გამოიყურება, რადგან კორპორაცია მომხმარებლებს ანგარიშის დასადასტურებლად საბუთებს მოსთხოვს (Twitter-ზე ამისთვის მხოლოდ ტელეფონის ნომერი იყო საჭირო) და ფეიკ-ანგარიშებისგან დაცვის დამატებით ზომებს შესთავაზებს.