ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” გაძვირებულ მოგზაურობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ავიაბილეთებსა და სასტუმროებზე ღირებულება იმდენად გაზრდილია, რომ ქართველებისთვის ყველაზე მოთხოვნადი და ბიუჯეტური მიმართულება – თურქეთი – წელს აღარაა ბიუჯეტური.
“თურქეთში ფასები, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა”, – თქვა მან და იქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად გაზრდილი მაჩვენებლებისა, მოთხოვნა მაინც მაღალია.
“მიმდინარე სეზონზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაკეტილობისა და კოვიდ-რეგულაციების გამო, მოსახლეობა მონატრებულია მოგზაურობას, ამიტომაც წელს, 2019 წელთან შედარებით, მოგზაურობაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 70-75%-ითაა გაზრდილი”, – განაცხადა გოგა ქუცნიაშვილმა.
რაც შეეხება მიმართულებებს, ტურისტული კომპანია “ვოიაჟერ 365”-ის გენერალური მენეჯერის თქმით, ისეთი TOP- მიმართულებები, რომლებიც პანდემიამდე აქტუალური იყო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რადგან მოთხოვნა ყველა მიმართულებაზე გაზრდილია.
“გარდა ამისა, ქართველებმა ზამთრის სეზონის დაგეგმვაც კი დაიწყეს და მაგალითად, საახალწლოდ, ლაპლანდიის ტურს ახლა ყიდულობენ”, – აღნიშნა მან.