იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები განმეორებით მიიღონ, აუცილებელია წარადგინონ, წერილობითი განცხადება და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოწმობის თუ ცნობის განმეორებით მიღების მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ სამსახურს, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის მისაღებად პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, იუსტიციის სახლს ან ისარგებლოს დისტანციური მომსახურებით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განმეორებითი ცნობებისა და მოწმობების აღების ფასი ვადებზეა დამოკიდებული.
კერძოდ:
- მე-5 სამუშაო დღეს – 5 ლარი
- მე-3 სამუშაო დღეს – 15 ლარი
- მე-2 სამუშაო დღეს – 30 ლარი
- იმავე დღეს – 50 ლარი
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები განმეორებით შემდეგი წესებით გაიცემა:
• სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები გაიცემა პირზე, რომლის მიმართ რეგისტრირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტების ჩანაწერი
• გარდაცვალების მოწმობა გაიცემა ნებისმიერ პირზე
• გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მის მემკვიდრეებზე
• დაბადების მოწმობა გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მზრუნველებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე
• სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს სხვა პირზე, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე