„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბათუმში ახალ ფილიალს ხსნის. კომპანიის დირექტორის, დავით გიორგობიანის განცხადებით, ბათუმის ფილიალში სტანდარტულად შოურუმიც იქნება და სერვის ცენტრიც.
„დასავლეთ საქართველოში ჩვენ ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომლებსაც გაყიდვების შემდგომი მომსახურება სჭირდებათ და ჩვენ ვცდილობთ, მათ შევუქმნათ ის კომფორტი, რომ დროის ეკონომიის მიზნით, მარტივად შეძლოს ავტომობილის შერჩევა და მომსახურების მიღება. შესაბამისად, ჩვენც ამ მიმართულებას მივყვებით“, – განაცხადა დავით გიორგობიანმა BMG-სთან.
რაც შეეხება ბრენდის საქართველოში პოპულარიზაციას, გიორგობიანი ამბობს, რომ „რიცხვები არ იტყუება“.
„წლიდან წლამდე ჩვენი ბაზრის წილი არის ზრდადი, თუმცა სიტუაციის მიხედვით ცვალებადი. ახალი ავტომობილების ქართულ ბაზარზე „ჰიუნდაის“ წილი დაახლოებით 20%-ია“, – განაცხადა გიორგობიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში დაახლოებით 33 000 „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილია დარეგისტრირებული.