Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი წელს უკვე მეორედ ტარდება. პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.
პრე-აქსელერაციის პროგრამა Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ 2021 წელს დაფუძნდა.
აღსანიშნავია, რომ გუნდს გავლილი აქვს სპეციალური გადამზადების კურსი წამყვან საერთაშორისო აქსელერატორში და მიღებული გამოცდილებით ჩამოაყალიბეს ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა.
წელს სტარტაპ პრე-აქსელერატორი ორ ნაკადს მიიღებს (მთლიანობაში 40 სტარტაპი), შემდეგი ნაკადის მიღება სექტემბერში იგეგმება.
საინიციატივო ჯგუფმა, აპლიკაციების განხილვისა და გასაუბრებების საფუძველზე, 20 მონაწილე კომპანია შეარჩია. სტარტაპებისთვის ჩატარდა გახსნითი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ პრე-აქსელერაციის პროგრამის ორგანიზატორები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეკრებაზე პროექტის მონაწილეებმა შეიტყვეს, თუ ვინ იქნება მათი მენტორი, როგორი სამუშაოები ელით წინ და რას უნდა ელოდნენ პროექტის განმავლობაში.
ტექნოლოგიებზე დაფუძნებული 20 სტარტაპის შემდგომი, 12 კვირიანი მუშაობა 5 ძირითად კომპონენტს მოიცავს:
- თემატური სამუშაო სესიები
- ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან
- ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, Stand-up-ები
- მოწვეული სპიკერის სესიები
- დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით
სტარტაპ პრე-აქსელერატორის პირველი სამუშაო კვირა კომპანიების დიაგნოსტიკას დაეთმო. შემდეგი კვირები დაეთმობა ფიზიკურ და ონლაინ შეხვედრებს, რომელთა საშუალებითაც მონაწილეები ცოდნას გაიღრმავებენ.