საქართველოში მძღოლებისა თუ ქვეითების გარკვეულ ნაწილს მრავალი მანკიერი ჩვევა ახასიათებს და წესების დარღვევა მათთვის ჩვეული მოვლენაა. სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას ემსახურება „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც მთელ საქართველოში უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა.
სიმბოლოები როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენ უბიძგებს.
მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: ,,არსებობს საგზაო წესები და არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ქალაქში გადაადგილებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის შემთხვევაში არ დაგაჯარიმებენ. სწორედ ამ დაუწერელი კანონების აღსაწერად შემოვიღეთ ტერმინი: „საგზაო მოძრაობის კულტურა“. თითოეული ქცევა, „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდის დახმარებით, ალტერნატიულ საგზაო ნიშნად ვაქციეთ და როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს პასუხისმგებლიანი მოძრაობისკენ მოვუწოდეთ“.
საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება და კამპანიის მთავარი აქცენტებიც საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაკეთდა.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამოაზრეების შემოკრებას შევძლებთ და ერთად ვიზრუნებთ საგზაო
მოძრაობის კულტურაზე – რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“.
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში, მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმება. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან თითოეულ საგზაო ნიშანს და პასუხისმგებლიანი მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს. კამპანიაში მართვის მოწმობის შემსწავლელი ცენტრებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საგამოცდო მასალებში კულტურული მართვის შესახებ შეკითხვებს ჩაამატებენ და მომავალი მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებენ.