ქართველმა ფერმერებმა გასულ კვირას მოცვის ექსპორტი დაიწყეს. EastFruit-ის ცნობით, ექსპორტიორები ფერმერებს მაღალ ფასს, კგ-ში, ხარისხის მიხედვით, 5-დან 7 დოლარამდე უხდიან, რადგან სეზონის დასაწყისში მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს.
ხარისხი კენკრის ზომით, რბილობითა და გარეგნობით იზომება. როგორც წესი, ექსპორტიორები ხარისხის შესამოწმებლად ბაღებს თავად სტუმრობენ და მოსავალი ხშირად პირდაპირ ბაღებიდან, ფერმერების მიერ წინასწარი გაგრილებისა და შენახვის გარეშე იყიდება.
EastFruit-ს ვაჭრობის ოფიციალური მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს ქართული მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი ივნისში 6,3 დოლარი იყო, ივლისში კი 5 დოლარამდე დაეცა. მწარმოებლები ამ სეზონზეც იგივე სცენარს მოელიან, ანუ ივლისში ფასები გაცილებით დაბალი იქნება, რადგან მიწოდება პიკს მიაღწევს.
ექსპორტიორები მოსავლის უმეტეს ნაწილს ისევ რუსეთში ყიდიან, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი ექსპორტს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ყატარში საჰაერო ან თუნდაც სახმელეთო გზით გეგმავს. მაგალითად, კომპანია Blue Bird-ს საემიროების მყიდველებთან მიწოდების ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს, თუმცა მათ მოცვის შესყიდვა ჯერ არ დაუწყიათ, რადგან ფასები ამჟამად მაღალია. მეორე მწარმოებელი და ექსპორტიორი, Green Valley ამ სეზონზე 60 ტონა მოცვის მოსავალს მოელის. კომპანია, რუსული ბაზრის გარდა, ექსპორტს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სახმელეთო ტრანსპორტით გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოცვის მიწოდებას 8-10 დღე დასჭირდება.