“კოდალა” სოციალური საწარმოა, რომელიც ხუთ წელზე მეტია, რაც ხის ეკომეგობრულ სათამაშოებს ქმნის. მრავალფეროვანი კოლექციები ძირითადად ხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოიცავს, მათ შორის ასაწყობ სათამაშოებს, რომლებიც ბავშვის წარმოსახვის და მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს. ვიზუალურად სათამაშო ფიგურები ინარჩუნებს გამოკვეთილ ხის ტექსტურას. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავების თხელი ფენით და ლაქით, რომელიც ასევე სრულიად უვნებელია და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს. წარმოებაში გამოიყენება საქართველოში დამზადებული ნატურალური ხის მასალა, უმეტესად კი – წიფელი.
პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიად იყოფა, მათ შორის არის ასაწყობი სამაგიდო თამაშები, განმავითარებელი, მექანიკური და ფიგურული ხის სათამაშოები. “კოდალას” პროდუქცია საქართველოში, საბავშვო სათამაშოების მაღაზიების რამდენიმე წამყვან ქსელშია განთავსებული. ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმოს მიერ შექმნილი ნაკეთობები ექსპორტზეც გადის.