საქართველოში მობილურის სულ 5.16 მილიონი აბონენტია, მათ 2022 წლის 4 თვეში მობილურ მომსახურებაში სულ 198 მილიონი ლარი გადაიხადეს. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, წინა წელთან შედარებით ეს თანხა 20%-ით მეტია.
ოპერატორებს შორის როგორც აბონენტების რაოდენობით, ასევე ჯამური შემოსავლებით პირველ ადგილზეა “მაგთი”, რომელმაც აბონენტებისგან 96 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიას აპრილის მდგომარეობით 2.16 მილიონი აბონენტი ჰყავდა.
კომპანიების შემოსავლები ასე ნაწილდება:
● მაგთი – 2.16 მილიონო აბონენტი, მიღებული შემოსავალი 96.2 მილიონი ლარი, მატება 26%;
● სილქნეტი – 1.71 მილიონი აბონენტი, მიღებული შემოსავალი 68.2 მილიონი ლარი, მატება 17%;
● ვიონი საქართველო – 1.29 მილიონი აბონენტი, მიღებული შემოსავალი 33.5 მილიონი ლარი, მატება 10%.
როგორც ანგარიშიდან ჩანს ყველაზე მეტს მობილურ სერვისში მაგთის აბონენტები ხარჯავენ. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, აბონენტის მიერ თვის განმავლობაში გაწეული ხარჯი ARPU არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომლითაც კომპანიები ფასდებიან. აპრილის მდგომარეობით ის ასე ნაწილდებოდა:
● მაგთი – საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 11.74 ლარი;
● სილქნეტი – საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 10.94 ლარი;
● ვიონი საქართველო – საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 6.82 ლარი.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მობილური ოპერატორები მნიშვნელოვან ტრანსოფრმაციას გადიან – თუკი წარსულში მათი შემოსავლის მთავარი წყარო ხმოვანი მომსახურება იყო, დღეს ისინი შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს მობილური ინტერნეტიდან იღებენ. აპრილში მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი 42%-ით გაზრდილია და 2022 წლის აპრილის თვეში 32 პეტაბაიტი შეადგინა.
სექტორის შემოსავლები აპრილში ასე ნაწილდებოდა:
● მობილური ინტერნეტი – 45%, 23.8 მილიონი ლარი;
● ხმოვანი მომსახურება – 41%, 21.7 მილიონი ლარი;
● სმს – 3%, 1.6 მილიონი ლარი;
● სხვა სერვისები – 11%, 5.8 მილიონი ლარი.
სტატისტიკის თანახმად, საშუალოდ ყველაზე მეტ ინტერნეტს “მაგთის” აბონენტები მოიხმარენ, ყველაზე ნაკლებს კი “ბილაინის”.
უფრო დეტალურად, მაგთის ერთი აბონენტი თვეში 15.1 გიგაბაიტ ინტერნეტს იყენებს, სილქნეტის 8 გიგაბაიტს, ვიონის კი 6 გიგაბაიტს.