კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის ფასის საჯაროდ მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის, სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში.
მოვაჭრედ მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას.
ფასის მითითება აუცილებელი არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია; საქონელი იყიდება აუქციონზე;
გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.
იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.