მსოფლიოში სატვირთო ავიაგადაზიდვების მოცულობა 2022 წლის ნოემბერში, წლიური თვალსაზრისით, 13,7%-ით შემცირდა. ინფორმაცია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ანგარიშში წერია, რასაც „პრაიმი“ ავრცელებს.
IATA-ს ცნობით, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, მაჩვენებელი 10.1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სატვირთო ავიაგადაზიდვების მოცულობა წლიური მაჩვენებლით 14,2%-ით, ხოლო, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, 10,7%-ით შემცირდა.
ყველაზე დიდი კლება (-18,6%) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირდა. შესამჩნევი კლება დაფიქსირდა, ასევე, ევროპაში (-16,5%) და ახლო აღმოსავლეთში (-14,7%). ზომიერი კლება შეინიშნებოდა ჩრდილოეთ ამერიკასა (-6,6%) და აფრიკაში (-6,3%), ხოლო ლათინურ ამერიკაში, პირიქით, 2,8%-ით გაიზარდა.
IATA-ს ხელმძღვანელ ვილი უოლშის შეფასებით, სატვირთო ავიაგადაზიდვების მაჩვენებლები შესუსტდა ნოემბერში, როცა ტრადიციულად პიკის სეზონია. მისი თქმით, ორგანიზაცია, ასევე, აკონტროლებს ფაქტორებს, როგორიც არის მსოფლიოში საექსპორტო შეკვეთების შემცირება და ჩინეთში COVID-ის შემთხვევების ზრდა.