ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, ლაშქრობის გლობალური პროექტის, HIGHLANDER-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ორგანიზატორებმა, HIGHLANDER-ის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში, პოტენციური „ჰაილენდერების“ წახალისების მიზნით, ლაშქრობით დაინტერესებულებს გეგმები გააცნეს. „HIGHLANDER Adventure“ გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. პროექტი წელს პირველად საქართველოში, სვანეთში მოეწყობა. ლაშქრობა 25-27 აგვისტოს ბეჩოდან უშგულამდე გაიმართება. ღონისძიებაში ასობით ადგილობრივი და უცხოელი მოლაშქრე მიიღებს მონაწილეობას.
პრეზენტაციაზე სპიკერებმა მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საერთაშორისო დონორების წვლილის, HIGHLANDER Georgia-ს როლის, ასევე სვანეთის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის შესახებ ისაუბრეს. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ავსტრიის ელჩმა თომას მიულერმა, აგრეთვე პროექტის GRETA – ჯგუფის ხელმძღვანელმა რიკარდო მონტანარმა, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და HIGHLANDER Georgia-ს პროექტის დირექტორმა თევდორე მაყაშვილმა.
პრეზენტაციის ფარგლებში, მომხსენებლებმა HIGHLANDER-ის ლაშქრობაში მონაწილეობის მიზნით საჩვენებელი რეგისტრაცია გაიარეს.