რითეილერთა ასოციაციის აღმასრულები დირექტორის, სოფიო ქაშაკაშვილის განცხადებით, პირველადი დანიშნულების საკვებზე ფასი ძალიან დაბალია.
იმის გასარკვევად, თუ ვისი ბრალია მაღალი ფასნამატი და რეალურად რამდენად შესაძლებელია ფასების დაწევა, კონკურენციის სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო, გასულ პარასკევს ქსელურ მარკეტების წარმომადგენლებს და იმპორტიორებს შეხვდა.
„შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. კონკურენციის სააგენტო განსაზღვრავს დაახლოებით 10-12 ზუსტი დასახელების სოციალურ პროდუქტს. ამის შემდეგ, ისევ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება მაქსიმალურად დაბალ ფასებში გაიყიდოს პროდუქცია, რომელიც ისედაც საკმაოდ დაბალ ფასებშია ქსელებში. აქ არ არის საუბარი ყველა პროდუქციაზე, ეს ეხება ზეთს, ბრინჯს, შაქარს, მარილს და ა.შ. სადაც ფასნამატი მხოლოდ 10 თეთრია. ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით მთავრობის ინიციატივას, პროდუქციაზე ფასის შემცირების კუთხით. ვადასტურებთ, რომ საკმაოდ დაბალ ფასშია და არავითარი დამატებითი გადასახადები ამ პროდუქციაზე არ ვრცელდება, თუმცა მზად ვართ მუშაობის და შეხვედრებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი შეღავათები გავაკეთოთ ამ პროდუქციაზე“, – განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა