ბოლო ათწლეული ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის გამორჩეულია – სწორედ ამ დროს ჩნდება საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპები, ბევრი მათგანი წარმატებულად საქმიანობს, იზრდება მოზიდული ინვესტიციების მოცულობაც. წარმატების ახალ საფეხურზე გადასვლით კი Pulsar AI-მ ამ ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. გასული წლის მაისში ქართული სტარტაპი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა.
პულსარი 2016 წელს დააარსეს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ. კომპანიამ ქართულ ბაზარს ინოვაციური სერვისი შესთავაზა და სულ მალე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერი გახდა. თუ მესენჯერში ჩეტბოტთან ქართულ ენაზე გილაპარაკიათ, ესე იგი, პულსარის პროდუქტთანაც გქონიათ შეხება. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ქართული ენის ხმოვანი დამუშავება: ტექსტის ხმად და ხმის ტექსტად გარდაქმნა.
2018 წელს პულსარმა თიბისი ბანკთან ერთად გადახდის ინოვაციური მეთოდისათვის საერთაშორისო გადახდების ჯილდო მოიგო. პულსარის ხმოვანი ტექნოლოგია გამოიყენება თიბისის მობაილ ბანკშიც, რომელიც 2019 წლის საუკეთესო მობაილ ბანკად დაასახელეს.
2018 წელს პულსარის გუნდი Startup Grind-ის კონფერენციის ფარგლებში სილიკონ ველის ეწვია და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან ერთად, იქ Shift-ის დამფუძნებელ ჯორჯ არისონს შეხვდა – ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპერს აშშ-ში. პულსარის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ჯორჯ არისონის ცოდნა ავტოინდუსტრიის კუთხით წარმატებული სინთეზი აღმოჩნდა. 2019 წელს პულსარი და ჯორჯი გაერთიანდნენ, რათა მანქანების ინდუსტრიაში ავტომატიზაცია შეეტანათ.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დაჩი ჭოლაძე ამბობს, აღებული ინვესტიცია კომპანიისთვის ამერიკის ბაზარზე ბიზნეს-ოპერაციების გამართვის საშუალებაა: “ამავდროულად ვგეგმავთ, განვავითაროთ და დავხვეწოთ ჩვენი ტექნოლოგია, რათა მოვემზადოთ კომპანიის შემდეგი მასშტაბირებისთვის. ამერიკულ ბაზარზე ოპერირების პროცესში წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გველის, რისთვისაც გუნდის გაზრდაც იქნება საჭირო და, შესაბამისად, ინვესტიცია ამასაც მოხმარდება”
დაფინანსების მოძიების წარმატებული რაუნდის შედეგად პულსარი პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც სილიკონ ველის ენჯელ ინვესტორებისა და ფონდების ინვესტიციის მოპოვება შეძლო. დღეს პულსარს ორი ოფისი აქვს: ერთი თბილისში, მეორე კი – სან-ფრანცისკოში. თბილისის გუნდი ტექნოლოგიის განვითარებასა და კვლევაზე მუშაობს, კალიფორნიის ოფისი კი – ბიზნეს-მიმართულებებზე.