მეცხოველეობის კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი თქმით, ცხვრის ექსპორტის მიმართულებით განსაკუთრებული მოთხოვნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდის.
მისივე თქმით, აქტიურია ევროპაც, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ DCFTA ცხოველური პროდუქციის რეალიზაციას არ ითვალისწინებს, კომპანიას ევროპაში მიწოდების საშუალება არ აქვს.
გონაშვილის განმარტებით, იმისათვის რომ ქვეყანას ექსპორტის საშუალება მიეცეს, მუშაობაა საჭირო.
„საქართველოში მეცხვარეობა ექსპორტის მიმართულებით მუსლიმანურ დღესასწაულებზეა დამოკიდებული. შესაბამისად წელს ცოცხალი ცხვრის ექსპორტის სეზონი აგვისტო-სექტემბრამდე გადაიწევს. რაც შეეხება ხორცს, ის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ყატარში, ქუვეითსა და დუბაიში გადის. ქართული ცხვარი უცხოეთის ბაზრებზე ძალიან მოსწონთ. ამას ხარისხიანი პროდუქციის სეგმენტის სახე უნდა მივცეთ.
მაღალი მოთხოვნაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ქართული ცხვრის ექსპორტით დაინტერესებულია ევროპაც. თუმცა ევროპაში DCFTA-ის გამო მიწოდების საშუალება არ გვაქვს. ამაზე მუშაობაა საჭირო. ამაში FAO-სთან ერთად ჩართულები ვართ. ისინი საქონლის საყურე ნომრის გაკეთებას აპირებენ, რომელიც ცხვრისა და საქონლის ისტორიას აღრიცხავს, საბოლოოდ კი ხორცის შეძენის დროს ამ ისტორიის ინტერნეტით შემოწმების საშუალება გექნებათ, მათ შორის როდის დაიბადა ცხოველი, რა აცრა ჩაუტარდა და ა.შ. ეს რთული სისტემაა, რომელსაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. მთავარია, რომ ამ პროცესზე მუშაობა უკვე დაწყებულია“ – ამბობს „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი.