წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში უკვე შესრულებული მშენებლობა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში აქტიურად მიდის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. ამჟამად, 8 სოფელში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საიდანაც ქსელის მოწყობის 80% უკვე დასრულებულია. აპრილის ბოლოს სოფელ ანაგას, ხოლო ზაფხულში სოფელ ვაქირს ექნება სტაბილური წყალმომარაგება. წლის ბოლომდე, დარჩენილ ექვს სოფელშიც დასრულდება მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2023 წლის ბოლოდან კი 16-ვე სოფლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“ – განაცხადა, ალექსანდრე თევდორაძემ.