თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ბოლო 10 დღის განმავლობაში უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის გამო 9 550 ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა.
14 იანვრიდან 24 იანვრამდე 15 მოვაჭრეს 50-ლარიანი ჯარიმა დაეწერა, 6 მოვაჭრე განმეორებით კანონდარღვევის გამო 300 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 7 შემთხვევაში ვაჭრობა ავტომობილის საშუალებით ხორციელდებოდა, რაც 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
2022 წელს, თბილისის მერიაში BMG-ის უთხრეს, რომ გარემოვაჭრეობის შემთხვევებზე სულ 445 ჯარიმა დაიწერა, 1 200-ზე მეტ შემთხვევაში კი ქონების კონფისკაცია განხორციელდა. გასულ წელს უნებართვო ვაჭრობის გამო დაწერილი ჯარიმების ოდენობა ჯამში 100 000 ლარს აღემატება.
მუნიციპალური ინსპექციის გარე ვაჭრობის მონიტორინგის განყოფილების უფროსის გიორგი ლოჩოშვილის თქმით განსაკუთრებული მონიტორინგი ვარკეთილისა და გლდანის მეტროებთან, ნავთლუღის ბაზართან, სადგურის მოედანზე, რიყისა და ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება. უახლოეს მომავალში მონიტორინგის გამკაცრება დიდუბისა და დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეც იგეგმება.
გარემოვაჭრეობის რეგულირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის იურისდიქციაში შედის. კანონის თანახმად:
გარე ვაჭრობად მიიჩნევა ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.