საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ინფო ტურებს აგრძელებს. ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვივნენ. ტურში გიდები, ტურ-ოპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინფო ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე რაჩხის ჩანჩქერი და საირმის სვეტები მოინახულეს. რეგიონის სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალურად მათთვის ღვირიშის ჩანჩქერზე- კანიონინგი, მდინარე რიონზე კი ჯომარდომა გაიმართა. რაც შეეხება ღვინის ტურიზმის მიმართულებას, სოფელ ქორენიში ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის რთველი და ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
ცაგერის შემდეგ ტურის მონაწილეები ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ, დაათვალიერეს კურორტი მუაში და სოფელს საშაში ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმროს ეწვივნენ.
ტურ-ოპერატორების განცხადებით, ყველა ლოკაცია, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეარჩია სამომავლოდ მათ მიერ დაგეგმილ და ტურისტებისთვის შეთავაზებულ მარშრუტებში მოხვდება.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, „GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.
ინფო ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.