საფონდო ბირჟების დაღმასვლის ტენდენცია Berkshire Hathaway-მ და მისმა ლეგენდარულმა ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა საინვესტიციო შესაძლებლობად გამოიყენეს და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საინვესტიციო პორტფელის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდეს.
Berkshire-ის ყურადღების ცენტრში წელს ენერგეტიკული სექტორი აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაძვირების ფონზე ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა მნიშვნელოვნად გაზარდა Chevron-ისა და Occidental Petroleum-ის აქციების წილი და ამჟამად მათში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 42 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
Berkshire Hathaway ისევ განაგრძობს მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Apple-ის აქციების შეძენას. 2022 წლის პირველ სამ თვეში Berkshire-მა Apple-ში ინვესტირებული პოზიცია 600 მილიონი დოლარით გაზარდა. ტექნოლოგიური გიგანტი კი ამჟამად ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს.
გარდა ამისა, წელს Berkshire-მა $1 მილიარდად ვიდეო-თამაშების მწარმოებელი კომპანიის, Activision-Blizzard-ის 9.5%-იანი წილი შეიძინა. $11.6 მილიარდად კი სადაზღვევო კომპანია Alleghany-ს 100%-იანი წილი იყიდა.
საერთო ჯამში, პირველ კვარტალში უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა 41 მილიარდი დოლარის აქციები შეიძინა, თუმცა Berkshire მხოლოდ შესყიდვით არ შემოფარგლულა და მან რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიციის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო – აღნიშნულ პერიოდში ჰოლდინგის მიერ გაყიდული აქციების მოცულობა 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2022 წელს Berkshire-მა Wells Fargo-ს აქციების გაყიდვის და მისი კონკურენტი ბანკის, Citigroup-ის აქციების $3 მილიარდად შეძენის გადაწყვეტილებაც მიიღო. ამჟამად ბაფეტის ჰოლდინგი Citigroup-ის 2.8%-იან წილს აკონტროლებს.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Berkshire-ის გააქტიურება იმაზე მიუთითებს, რომ აქციების ვარდნის ტენდენცია და საფონდო ბირჟების კორექცია საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის, რომელთაც გონიერი ინვესტორები და ტრეიდერები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.