წყალტუბოში, სოფელ ქვილიშორში მდებარე სასტუმროს Prometheus Epic Hotel & Spa-ს რეზერვაციების მენეჯერი გიორგი გულუა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე წყალტუბოს დატვირთულობას აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, წყალტუბო იმერეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით სეზონურია, შესაბამისად, სასტუმროები დატვირთილი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლითაა, ოქტომბრის ბოლოდან მომდევნო სეზონამდე კი ქალაქს დამსვენებელი თითქმის არ სტუმრობს.
რაც შეეხება უშუალოდ Prometheus Epic Hotel & Spa-ს, სასტუმროს 80% დაკავებულია, სტუმრებს შორის კი არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებელი ჭარბობს.
სასტუმროს წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული წყალტუბოს განახლების გეგმა მხარეს გამოაცოცხლებს.
„წყალტუბო არის სრულიად სეზონური. ივნისი-სექტემბერი კარგი დატვირთულობა აქვს. არის დღეები, როცა სასტუმროში გასაქირავებელი ოთახები აღარ არის. ოქტომბრის ბოლოდან მეორე სეზონამდე უკვე ჩავარდნა დაიწყება. ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა სეზონზე 80%-ია. ტურისტებს შორის არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებელი ჭარბობს. წყალტუბოს სასტუმროებზე ძირითადად ტურისტული კომპანიების ჯავშნები მოდის, ინდივიდუალური საიტებიდან, როგორიც booking.com-ია, ჯავშნები არ გვაქვს. ტურისტებს შორის ადგილობრივებიც არიან.
წყალტუბოს ტურიზმის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ამ მხარის ნიშა სამკურნალო-სპა მიმართულებებია. ვფიქრობ, წყალტუბოს განახლების პროგრამა აქაურობას გამოაცოცხლებს, შეიქმნება მიზიდულობის ცენტრი. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობადობა ნაკლებია“, – ამბობს ის.
ცნობისთვის: წყალტუბოში მდებარე Prometheus Epic Hotel & Spa-ს გახსნისთვის 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო 26-ნომრიან სასტუმროს, ღვინის მუზეუმს, რესტორანს, ორი ტიპის აუზსა და ჯაკუზს, ასევე საუნას აერთიანებს. კომპლექსი რეგიონში 60 ადამიანს ასაქმებს.