როგორც წესი, Facebook პოსტების ქვეშ იმ მომხმარებელთა სიის ხილვა შეგვიძლია, რომელთაც იგი მოიწონეს ან რეაქცია გამოხატეს. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე საათია, მომხმარებლები, სიის ნაცვლად, წარწერას “No data available” (მონაცემები მიუწვდომელია) ხედავენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი გრაფა სულაც ცარიელია.
აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, პრობლემა ძირითადად Facebook-ის მობილურ აპლიკაციას აქვს. Downdetector-ის (პლატფორმა, რომელზეც მომხმარებლებს შეფერხებების შეტყობინება შეუძლიათ) მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მომხსენებელთა 67%-ს პრობლემა მობილურ აპლიკაციასთან ჰქონდა, 23%-ს კი — ვებსაიტთან.
შესაბამისად, მომხმარებელთა ნაწილთან Chrome-ის ვერსიიდან ტელეფონსა და კომპიუტერში ზემოხსენებული ფუნქცია კვლავაც ხელმისაწვდომია. მაშასადამე, შეგიძლიათ, თქვენსა თუ სხვათა პოსტებზე “დამლაიქებელთა” სია Facebook-ის ვებვერსიიდან იხილოთ, მობილურ აპლიკაციაზე ამ შეფერხების აღმოსაფხვრელად კი, როგორც ჩანს, უმჯობესია, თავად Facebook-ს დავუცადოთ.