ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოვებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.
ქართლის რეგიონის სიყვარულითა და განვითარების სურვილით სოსო ვანიშვილმა შექმნა საოჯახო მეღვინეობა შატო ატენი, რომელიც თავიდან ბოლომდე მის მშობლიურ რეგიონს მიუძღვნა, მისი სამომავლო გეგმებიც მხოლოდ ქართლს უკავშირდება. სოსო თვითნასწავლი მეღვინეა, რომელმაც არაერთი წელიწადი ღვინის პროფესიონალურად შესწავლაში გაატარა.
სოსო ვანიშვილი პირველი მეღვინეა, რომელმაც ატენური ცქრიალა ღვინის ტრადიცია აღადგინა და სწორედ ეს მიმართულება იქცა მის სავიზიტო ბარათად.
როგორც თავად ამბობს მთავარი უმაღლესი ხარისხია და მისი მარანი იქამდე გაიზრდება, სადამდეც თავად შეძლებს ყველა ბოთლის კონტროლს.
„შატო ატენის“ ისტორია 2010 წელს იწყება, როდესაც პირველი ვენახი გავაშენეთ; პირველი კარგი მოსავალი 2015 წელს მივიღეთ; 2016 წელს ჩამოვასხით პირველი ბოთლი ღვინო და გავხსენით სადეგუსტაციო მარანი, სადაც ტურისტებს ვთავაზობთ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესისი აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს.
შატოში ვაწარმოებთ ოთხი სახის ღვინოს: ატენურს, ჩინურს, თავკვერს, ხიდისთაურს,ორი სახის ცქრიალა ღვინოს: ატენურს და ელისაბედს და სამი სახის ჭაჭას: კლასიკურს, მუხის კასრში დაძველებულს და ტარხუნაზე დაყენებულს.
ღვინო იწარმოება მხოლოდ ყურძნის წვენისაგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე, არ ვიყენებთ საფუარს და ქიმიურ ნივთიერებებს. ღვინო არის გაუფილტრავი და გადის ბუნებრივი დაწმენდის პროცესს, მინიმუმ, 9 თვის განმავლობაში.
ჩვენი ვენახი გაშენებულია ატენის მიკრო ზონაში საუკეთესო ადგილას და ყურძენი საუკეთესო მოდის, შესაბამისად, ღვინოც საუკეთესო დგება. “ – განაცხადა სოსო ვანიშვნილმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს.
შატო ატენი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. კორონავირუსის გავრცელებამ და პანდემიამ, რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედა “შატო ატენზე”, თუმცა პანდემიის დაძლევასთან ერთად აღადგინეს ტურისტული ექსკურსიები და ტურები. ადგილზე მისულ სტუმარს ულამაზესი გარემო და განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა დახვდება, რომელსაც თან ახლავს უგემრიელესი კერძები საოჯახო სამზარეულოდან, დეგუსტაციები და მასტერკლასები.
როგორც, უკვე აღვნიშნეთ სოსო ვანიშვილის ყველა გეგმა მის საყვარელ რეგიონს უკავშირდება და შატო ატენის კიდევ უფრო გალამაზებას და გამრავალფეროვნებას აპირებს.
როგორც მან საუბრის დროს აღნიშნა, მალე ამ ულამაზეს ტერიტორიას კოტეჯები და პატარა ეთნო სოფელი დაემატება.
ყველა ღვინის მოყვარულს კი, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ესტუმრონ “შატო ატენს” და გაატარონ დაუვიწყარი დრო სოფელ ატენში. თუ ვერ ახერხებთ ატენს ესტუმროთ, შეგიძლია ღვინის დასაგემოვნებლად “8000 მოსავალს” ესტუმროთ, სადაც წარმოდგენილია “შატო ატენის” ღვინოთა კოლექცია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “შატო ატენისგან” წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციის წევრები განსაკუთრებული, 10 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სრულ კოლექციაზე.