2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, გლობალურ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 20.4%-ით გაიზარდა. ინფორმაცია „გალტ ენდ თაგარტის“ ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული
კვლევის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული, სავარაუდოდ, რეკორდულად ცხელი იქნება და მოსალოდნელია, რომ ამის გათვალისწინებით ბუნებრივ აირზე, მათ შორის გათხევადებულზე, მოთხოვნა გაიზრდება.
„ბუნებრივი აირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გათბობაში, მაგრამ ის ასევე აღსანიშნავი კომპონენტია ცხელ თვეებში გაგრილებაში. წლევანდელი ზაფხული, სავარაუდოდ, რეკორდულად ცხელი იქნება, რაც ბუნებრივი აირის მოთხოვნაშიც აისახება. მაგალითად, ეგვიპტემ, რომელიც როგორც წესი ექსპორტიორია, LNG-ის შესყიდვა დაიწყო რათა ცხელ თვეებში ელექტროენერგიის გათიშვა აირიდოს. ასევე მზარდია მოთხოვნა ინდოეთში, რაც აქაც ელექტროენერგიის სექტორისგან მომდინარეობს.
ცხელი ოკეანეები ჩრდილოეთ ამერიკაში ქარიშხლების წარმოშობას უწყობს ხელს, რაც აშშ-ს LNG წარმოებას უქმნის საფრთხეს. დამატებით, გვალვების გამო შესაძლოა ლათინურ ამერიკაში ჰიდრო გენერაცია შემცირდეს და საპირწონედ თერმო გენერაცია გაიზარდოს. Citigroup-ის მიხედვით, ამ ორ კომპონენტს თუ ევროპა-აზიის მნიშვნელოვანი მოთხოვნაც დაემატება, შესაძლებელია ფასები ახლანდელი ნიშნულიდან 50-60%-ით გაიზარდოს.
ფუნდამენტური მიზეზების გარდა, ფასზე გავლენას მოულოდნელი მოვლენებიც ახდენს. 3 ივნისს, ევროპული გაზის ფასი რამდენიმე საათში 13%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული მკვეთრი ნახტომი ნორვეგიის ერთ-ერთი გაზგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებას მოჰყვა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.