საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორია

ჯონი დეპისთვის ემბერ ჰერდს ცილისწამებისთვის $15 მლნ-ის გადახდა დაეკისრა 

0
გაზიარება

ვირჯინიის შტატის ფეირფექს ქაუნთის ნაფიცმა მსაჯულებმა ცნობილ მსახიობებსა და ყოფილ ცოლ-ქმარს, ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის ცილისწამების თაობაზე მიმდინარე სამართლებრივ საქმეზე ერთსულოვანი ვერდიქტი გამოაცხადეს. მათ დაადგინეს, რომ ჯონი დეპმა სასამართლოზე წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დაედასტურებინა ემბერ ჰერდის მხრიდან განზრახული ცილისწამების ფაქტი – საუბარია ჰერდის ავტორობით 2018 წელს გამოქვეყნებული ოპედზე. აღსანიშნავია, რომ ემბერ ჰერდს ჯონი დეპისთვის კომპენსაციის სახით ცილისწამებისთვის $10 მილიონის, ხოლო სადამსჯელო ზომის სახით $5 მილიონის გადახდა დაევალა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ემბერ ჰერდის სარჩელის ერთი ნაწილი მაინც დააკმაყოფილა – მათი თქმით, ჯონი დეპის ყოფილმა ადვოკატმა, ერთ ეპიზოდში, ემბერ ჰერდს ცილი დასწამა. შედეგად, ჯონი დეპს ემბერ ჰერდისადმი კომპენსაციის სახით $2 მილიონის გადახდა დაევალა.

აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს მალევე გამოეხმაურა ემბერ ჰერდი: „დღეს ენით აღუწერელ იმედგაცრუებას ვგრძნობ. გული მწყდება, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი ზღვა სამხილები წინ ვერ აღუდგა ჩემი ყოფილი მეუღლის არაპროპორციულ ძალაუფლებასა და გავლენას.“

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის მიმდინარე სამართლებრივი პროცესი, რომელიც ექვსი კვირის წინ დაიწყო, ემბერ ჰერდის მიერ 2018 წელს The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ოპედს უკავშირდება, რომელშიც მსახიობმა საკუთარი თავი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად დაახასიათა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპედში ჯონი დეპის სახელი და გვარი ნახსენები არ იყო, ჯონი დეპის სამართლებრივი გუნდის პოზიციაა, რომ ის სწორედ მათ დაცვის ქვეშ მყოფს ეხებოდა და ამგვარად, ემბერ ჰერდმა მის ყოფილ მეუღლეს ცილი დასწამა, რათა ამ უკანასკნელის კარიერისთვის ზიანი მიეყენებინა. დეპი ყოფილი ცოლისგან ცილისწამებისთვის კომპენსაციის სახით $50 მილიონს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ჯონი დეპმა 2020 წელს ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ბრიტანულ გამოცემა The Sun-საც უჩივლა, რომელმაც დეპი ცოლზე მოძალადე კაცად მოიხსენია. მსახიობმა ეს დავა წააგო, თუმცა ამჯერად მსგავსი სარჩელის შეტანა ემბერ ჰერდის წინააღმდეგაც გადაწყვიტა. თავის მხრივ, დეპის წინააღმდეგ სარჩელი ჰერდმაც შეიტანა. ის ყოფილი ქმრისგან, რომელსაც 2016 წელს დაშორდა, კომპენსაციის სახით $100 მილიონს მოითხოვს.

ჯონი დეპი ირწმუნება, რომ ემბერ ჰერდის მიერ გამოქვეყნებულმა ოპ-ედმა შელახა არამხოლოდ მისი რეპუტაცია, არამედ დაანგრია მისი კარიერაც. მსგავს ბრალდებას აჟღერებს ემბერ ჰერდიც – მისი თქმით, დეპის ადვოკატის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა მას ემოციური ტკივილი მიაყენა, რომლის გამოც ის მუშაობას ვეღარ ახერხებდა.

მსგავსი სიახლეები

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

ინოვაციური შეთავაზება ტურისტებისთვის – Tourist card Georgia

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) წარმოადგინა ახალი პროექტი - Tourist card georgia (ტურისტული ფასდაკლების ბარათი, არა მარტო ფასდაკლება), რომელიც შექმნილია ტურისტებისთვის და უცხოელი მოქალაქეებისთვის.  პროექტი…

Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში

2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.…

რჩევები გახშირებული კიბერთაღლითობისგან თავის დასაცავად

გახშირებული ახალი სქემით კიბერთაღლითობის შემთხვევებიდან გამომდინარე  „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს: „ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით: ბანკის…

აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო კრიზისული მდგომარეობაა – BBC

BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში მექსიკიდან აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარება ტეხასის ქალაქ ელ-პასოშია, სადაც შესვლას…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!