„ქართული ღვინის გილდია“ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა მეწარმეთა კონსულტაციას, ტრენინგებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მეღვინოებისა და დეგუსტაციის შემსწავლელი პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას მოიცავს.
სასწავლო პროგრამები და ტრენინგები განკუთვნილია, ღვინის წარმოების სექტორში, ღვინის ბიზნესში დასაქმებულ და ჩართულ პირთათვის და სტარტაპერებისათვის. სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობაში ჩართულნი არიან დარგის ცნობადი და ღირსეული წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება.
2018 წლის ნოემბრიდან დღემდე აღნიშნულმა ორგანიზაციამ განახორციელა მეღვინეობა-მევანახეობის მიმართულებით 8 სასწავლო კურსი და 12 მოკლევადიანი ტრენინგი, მათ შორის ბიომეღვინეობის, მევენახეობის, მეღვინეობის რეგულაცია და სერტიფიცირებისა და ღვინის მარკეტინგის შემსწავლელი ტრენინგ-კურსები, ასევე ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დეგუსტაციის, ,,მეღვინეობა I“ და ,,მეღვინეობა II“ სასწავლო კურსები ძირითადად ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასების სწავლებას ემსახურებოდა. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ვებგვერდსა www.studywine.ge და ფეისბუქ გვერდზე. ამ მოკლე პერიოდში მეღვინეობა-მევანახეობის შემსწავლელ კურსებზე მსმენელთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 347–ს.
“ქართული ღვინის გილდიის” კვალიფიციური გუნდი მეწარმეებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერული მიდგომების, ბაზრის მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსების შესახებ. ორგანიზაციის საქმიანობა ასევე ითვალისწინებს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა ინფორმირებას, გემოვნების განვითარებასა და ხარისხის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ცოდნის გადაცემას.
საკონსულტაციო საქმიანობით მოპოვებული ნდობის საფუძველზე, 2019 წლიდან მიმდინარეობს პროექტი ,,საქართველოს საუკეთესო ღვინოები“. პროექტის ფარგლებში, პროდუქციის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, ტარდება ქართველი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ბრმა დეგუსტაციები. ვებგვერდზე www.topgeorgian.wine, განთავსებულია ალკოჰოლური სასმელები, რომლებსაც 100 ქულიანი შეფასების სისტემით, მინიჭებული აქვთ 80 ქულაზე მაღალი შეფასება.