Meta-ს უახლესი VR-სათვალე, რომელზეც კომპანიაში უკვე წლებია მუშაობენ, დღის შუქს პირველად ოქტომბერს იხილავს. როგორც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას თქვა, VR-სათვალე პირველად Meta-ს ყოველწლიურ ღონისძიებაზე – Connect-ზე გამოჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ VR-სათვალეს გულისხმობდა, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი ფიქრისა, რომ საუბარია მოწყობილობაზე კოდური სახელწოდებით Project Cambria, რომლის შესახებაც ცუკერბერგმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დააანონსა.
„იმ მოწყობილობას, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება, ძალიან დიდი შესაძლებლობები ექნება“, – განაცხადა ცუკერბერგმა ვირტუალურ რეალობაზე საუბრისას.
როგორც ჩანს, Meta-ს უახლესი VR-სათვალე ტექნოლოგიურად საკმაოდ დახვეწილი იქნება, რაზეც თვალისა და სახის ტრეკინგ-ფუნქციები მიუთითებს, რომელთა დახმარებით ადამიანები ერთმანეთის თვალებში ყურებას შეძლებენ. ამასთანავე, სავარაუდოდ Project Cambria-ს VR-სათვალეს ადამიანების ემოციების აღბეჭდვა და მათი ვირტუალურ ავატარებზე გადატანა შეეძლება.შეიძლება ითქვას, რომ ვიცით Project Cambria-ს რეალური სახელიც, რომელიც Bloomberg-ის ინფორმაციით Meta Quest Pro იქნება, რაც სრულ თანხვედრაშია კომპანიის მიერ მანამდე გამოშვებულ მოწყობილობებთან.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Cambria, Oculus-ის დღეს არსებულ ნებისმიერ მოწყობილობაზე გაცილებით უფრო ძვირად ღირებული იქნება.