რუსეთში მზესუმზირის ზეთისა და შროტის საექსპორტო გადასახადი ოქტომბერში ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი.
ამჟამად ზეთზე გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 დოლარს) შეადგენს.
გადასახადების განულება საორიენტაციო ფასების შემცირებას უკავშირდება. ზეთის საორიენტაციო ფასებმა ტონაზე 1 244 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვით ადრე 1 583 დოლარი იყო. ტონა შროტზე ინდიკატორულმა ფასმა ერთი თვის წინანდელი 269,3 დოლარიდან 177 დოლარამდე დაიკლო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ზეთის 80%-ზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, 8 თვეში საქართველომ სულ 24,445 მლნ დოლარის ღირებულების (12 991 ტონა) ზეთი იყიდა, აქედან 19,272 მლნ დოლარის (10 594 ტონა) რუსეთში.