Newsweek-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ოქტომბრიდან რეისებს ახალი ავიაკომპანია, Bark Air შეასრულებს, რომელიც სპეციალურად ძაღლებისთვის შეიქმნა.
ავიაგადმზიდავი ძაღლების პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია Bark-მა დააარსა. სატესტო რეისი მაისში შესრულდა, რაც წარმატებით დასრულდა.
ავიაკომპანიები ბორტზე ძაღლების აყვანას ხშირად ჯიშის, ზომისა და რაოდენობის მიხედვით მკაცრად ზღუდავენ, ხოლო ბევრი ავიაკომპანია მგზავრებს თვითმფრინავში ძაღლის აყვანას საერთოდ უკრძალავს. ასევე, თვითმფრინავში ძაღლების გვერდით ყოფნა ხშირად სხვა მგზავრებსაც არ სურთ- სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ავიაკომპანია, Bark Air დააესდა.
„Bark Air-ის მიმართ ინტერესი და ენთუზიაზმი დღემდე უზარმაზარია. ჩვენ მოხარული ვართ, Bark Air-ის სერვისი ახალ ქალაქებსა და მარშრუტებზე გავაფართოვოთ, დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნა და ძაღლებთან ერთად მგზავრობის უნიკალური, უზრუნველი გამოცდილება კიდევ უფრო მეტ ოჯახს შევთავაზოთ,“ – აცხადებს Bark-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მეტ მიკერი.
თავიდან Bark Air-ის მარშრუტების ქსელი აშშ-ში ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს, ჩიკაგოს, სან-ფრანცისკოს, მაიამისა და ფენიქსს, ასევე, ევროპის ორ საერთაშორისო მიმართულებას, ლონდონსა და პარიზს დაფარავს.
ავიაკომპანია ირწმუნება, რომ ბორტზე ყველაზე კომფორტულ პირობებს შექმნის, მათ შორის, ერთ თვითმფრინავში დიდი რაოდენობით ძაღლების უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფს. ეს მაშინ, როცა სხვა ავიაკომპანიები, ბორტზე ძაღლების შეშვების შემთხვევაშიც კი, ფრენის დროს ცხოველებს შორის ჩხუბის თავიდან ასაცილებლად მათ რაოდენობას ზღუდავენ.
Bark Air-ის სპეციალურად გაწვრთნილი სტიუარდები ბორტზე მყოფ ძაღლებს მოუვლიან, ხოლო თვითმფრინავები სპეციალური ფერომონებით (აქროლადი ნივთიერებებით), დამამშვიდებელი მუსიკითა და ყვავილებით იქნება აღჭურვილი.
აეროპორტში სტრესის თავიდან ასაცილებლად ოთხფეხა მგზავრებს ურჩევენ, ფრენამდე ერთი საათით ადრე “გამოცხადდნენ,” ბორტზე კი მათ საჭმელი, სასმელი და სათამაშოები ელოდებათ.
Bark Air-ის რეისებს 14-ადგილიანი პატარა თვითმფრინავი, Gulfstream Aerospace GV შეასრულებს.