იპოდრომზე საქალაქო პარკის მოწყობაზე პროექტირება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, არადა საპროექტო ბანერი ტერიტორიის ირგვლივ არსებულ ღობეზე გაკრულია. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზეც პროექტის დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები ოფიციალურად გახსნა. ტერიტორია ფონდმა “ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. როგორც მაშინ ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობდა, პარკის მოწყობაზე დაახლოებით 15-20 მლნ დოლარი უნდა დახარჯულიყო. ამასთან, პროექტი, რომელიც ჰოლანდიურმა კომპანიამ შეიმუშავა, ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას გულისხმობს, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სთრითბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.
პროექტის დაანონსებიდან ორი წლის თავზე, ტერიტორიაზე რამდენიმე ტრაქტორი დგას და მიწის მასა ყრია.