ბრენდს, რომელიც საქართველოში დაფუძნდა და ქართულ საბავშვო პროდუქციას ქმნის, სწორედ ასე ჰქვია და გვსურს, ფაფუკას სათამაშოების ისტორია გაგიზიაროთ.თვითონ სიტყვაც ისეთია, რომ გაგონებისთანავე პოზიტივი მოაქვს, სასიამოვნო ასოციაციებს ქმნის და ბავშვობასთან გვაბრუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ოფიციალურად 2022 წლის დასაწყისში დაარსდა და ჯერ კიდევ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ფაფუკას ამბავი გაცილებით ადრე დაიწყო. კომპანიის Facebook გვერდზე ვკითხულობთ:
„ჩვენი ბრენდის ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც პატარა გოგო ფაფუკასთვის ფერადი და თბილი სამყაროს შექმნა ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანა გახდა. დიდი ხნის წინ, სწორედ მისი შთაგონებით დავიწყე ქსოვა, მოგვიანებით კი – ხელნაკეთი სათამაშოების შექმნა.
ფაფუკა ახლა დიდი გოგო და პატარა ლილიანას დედაა, რომლის გაჩენამაც ფაფუკას სათამაშოების ბრენდად ჩამოყალიბება გადაგვაწყვეტინა. მე და ჩემს გოგოებს გვჯერა ზღაპრების, კეთილი სიზმრების და ბედნიერი ამბების, ამიტომ თითოეულ ნივთსა და სასაჩუქრე ყუთში უდიდეს სიყვარულსა და დადებით ენერგეტიკას ვდებთ”.
ეს სიტყვები იდეის სულისჩამდგმელს, მარინა მურადოვას ეკუთვნის. ოჯახურ ბიზნესს ახლა თავის შვილთან, ნინა კოპალეიშვილთან ერთად უძღვება, რომელიც კომპანიის თანადამფუძნებელია. დედა-შვილი საბავშვო პროდუქციას ნინას პატარა ქალიშვილის, ლილიანას განვითარების ეტაპების შესაბამისად ქმნის, თავად ლილიანა კი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფაფუკას სათამაშოების ბრენდის სახედ იქცა. ამ დიდ საქმეში სამი თაობაა ჩართული და ისინი ერთად ქმნიან ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიან სათამაშოებს და აქსესუარებს ჩვილებისთვის.
„ლილიანა იყო ადამიანი, რომელმაც მე და დედას შთაგვაგონა დედაჩემის ხელნაკეთი სათამაშოების ბიზნესად გარდაქმნა. მანამდე პატარა მცდელობები გვქონდა, თუმცა 2022 წლის დასაწყისში უკვე ბრენდის სახე მივეცით. და ჩვენი მთავარი მისია ბავშვებისთვის ჯადოსნური და ფერადი სამყაროს შექმნაა”, – ნინა კოპალეიშვილი, თანადამფუძნებელი.
მარინა მურადოვა ქსოვით 90-იანი წლებიდან იყო დაკავებული. მას ხშირად ურჩევდნენ, რომ ამ საქმიანობისთვის შეეხედა როგორც ბიზნესისთვის, თუმცა მაშინ ქსოვა მისთვის საკუთარი შვილებისა და მათი მეგობრებისთვის მრავალფეროვანი ტანსაცმლის შექმნასთან ასოცირდებოდა. თუმცა, როდესაც საბავშვო სათამაშოების შექმნაზე გადავიდა, მიხვდა, რომ საკუთარი ქმნილებები ფართო საზოგადოებისთვის უნდა შეეთავაზებინა.
გარდა ნაქსოვისა, ბრენდი ახლა ხის სათამაშოებს, ხელნაკეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, საბავშვო აქსესუარებსა და ბავშვის ხის გასავითარებელ მობილებს ამზადებს. ბრენდის სახელწოდებაზე ბევრი არ უფიქრიათ, რადგან ფაფუკა თავად ნინას ბავშვობის მეტსახელი იყო და როდესაც კომპანიის დაარსების დრო მოვიდა, უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდნენ. ფაფუკას სათამაშოებს უამრავი ჩანაფიქრი აქვს, რომელსაც თავის მომხმარებლებს ეტაპობრივად გაუზიარებს.
ამჟამად ფაფუკას სათამაშოების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით, ასევე საბავშვო მაღაზია Petit Bazar-ში. მომავალი კვირიდან კი ფაფუკას სათამაშოების პროდუქტის შეძენა უკვე გლოვოზეც იქნება შესაძლებელი.
ფაფუკას სათამაშოები დამზადებულია საქართველოში. მასალა, რომლითაც სათამაშოები და საბავშვო აქსესუარები იქმნება, არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და არ შეიცავს ტოქსიკურ ქიმიურ ელემენტებს, ამიტომ ის თამამად შეგიძლიათ აჩუქოთ თქვენი და თქვენი მეგობრების პატარებს.
„საბავშვო პროდუქტის შექმნისას არა მხოლოდ წარმოებაზე ფიქრობ, არამედ სურვილი გიჩნდება, რომ თითოეულ ნივთს ის დიდი სიყვარული და ემოციაც გააყოლო თან, რაც თავად გამოძრავებს. ნელ-ნელა იწყებ ფიქრს არა მხოლოდ შენ ან შენს შვილებს რა მოეწონებათ, არამედ როგორ შექმნა სასარგებლო პროდუქტი სხვა ბავშვებისთვის, როგორ უნდა მიაწოდო ის სწორად მომხმარებელს და იყო ბაზარზე გამორჩეული. ფაფუკას თითოეული სათამაშო იქსოვება ხელით და თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს, ამიტომ არის უნიკალური. მგონია, რომ ეს ნიუანსი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“– ნინა კოპალეიშვილი, თანადამფუძნებელი.
როგორც იცით, რუბრიკა Made in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ბანკთან ერთად გიყვებით საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე. Made in Georgia საქართველოს ბანკის ახალი კამპანიაა, რომლის მიზანიც, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაა. ამ კამპანიაში ჩართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ ბანკისგან. საქართველოს ბანკმა დაამზადა სტიკერების ნაკრები, რომლის გადმოწერაც კომპანიას შეუძლია და ეს სტიკერი მიანიშნებს, რომ პროდუქცია საქართველოშია დამზადებული.
„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ისეთი დიდი კომპანია, როგორიც საქართველოს ბანკია, მხარს უჭერს დამწყებ ბიზნესს და ახალისებს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. ამ კონკრეტული კამპანიის ფარგლებში, დამწყები კომპანიები სხვადასხვა სახის ბენეფიტს იღებენ, მათ შორის, ფასდაკლებას პროდუქტის ფოტოსესიაზე, სპეციალურ შეთავაზებას პროდუქტის extra.ge-ზე განთავსების შემთხვევაში და სხვ., რაც საწყის ეტაპზე განსაკუთრებით ბევრს ნიშნავს ანტრეპრენერისთვის. მოკლედ, მთავარია დაიჯერო შენი ჩანაფიქრის და ყველაფერი აუცილებლად გამოგივა”, – ნინა კოპალეიშვილი, თანადამფუძნებელი.