ფინანსთა სამინისტრო სატრანზიტო ტრანსპორტისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებლის გაძვირებას განმარტავს. როგორც უწყებაში BMG-ის უთხრეს, ბოლო წლებში სატრანზიტო გზების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯა, მოქმედი მოსაკრებელი კი 2010 წელს იყო დადგენილი.
“როგორც ცნობილია, გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200) ლარი მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე”,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მთავრობის 7 ივნისის დადგენილებით 20 ივნისიდან გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი ტვირთის გადაზიდვისას ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი თანხა 350 ლარი იქნება.
2021 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა.