იურისტმა ლევან ალაფიშვილმა 112-ის საფასურის დაბრუნების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოგებული საქმე, საქართველოს მთავრობას სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იურისტი ავრცელებს.
„კიდევ მოვიგე! სააპელაციო სასამართლოშიც. #112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში 2020 წლამდე მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ.
თბილისის საქალაქო სასამართლო (მოსამართლე: ეკატერინე ჯინჭველაშვილი) – 9.03.2022, თბილისის სააპელაციო სასამართლო (მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი) – 15.07.2022.
თანხა ბევრი არ არის მაგრამ #პრინციპი და #კანონი არ იზომება. შეგახსენებთ, 2019 წელს საკონსტიტუციოც მოვუგე მთავრობას“, – წერს ალაფიშვილი.
იურისტი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ დაკისრებული 112-ის ყოველთვიური გადასახადის დაბრუნებას მოინდომებენ, მათ ეს სასამართლოს გზით უნდა შეძლონ, რამეთუ საკითხთან დაკავშირებით პრეცედენტი უკვე შექმნილია და სასამართლო თითოეული საქმის მიმართ დამოუკიდებლად იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.