მიმდინარე კვირას საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასების დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება: ბარელი Brent-ის ღირებულება თითქმის 3%-ით, 110-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, ხოლო WTI Crude-ის სავაჭრო ფასი ამჟამად 104 დოლარს აღწევს.
ენერგორესურსების ფასების შემცირება, მათ შორის ნავთობის ფასებისაც, გლობალური ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობასა და მობილობას, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საწვავის მოთხოვნაზე.
FED-ის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა კონგრესში გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციის შესაკავებლად ფედერალური რეზერვი უკან არაფერზე დაიხევს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, მიუხედავად იმისა, გამოიწვევს თუ არა ეს ეკონომიკის შენელებას.
ასევე შემცირებულია ფიუჩერსული ანუ სამომავლო კონტრაქტების ღირებულება- ოქტომბრისა და ნოემბრის ფიუჩერსები 97-99 დოლარად ივაჭრება. დეკემბერ-იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 94-96 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 2023 წლის აპრილის ფიუჩერსების შეძენა ამჟამად 91 დოლარადაა შესაძლებელი.