საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 1991 წელს დაარსდა და ახლა უკვე მსოფლიოს ფარიკაობის ფედერაციისა და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის წევრია. ფარიკაობის სკოლები ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობდა და განსაკუთრებულ განვითარებას ავსტრია-უნგრეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში მიაღწია. ის განსაკუთრებულად ლამაზი და დახვეწილი სპორტია, რომელსაც არ გააჩნია შეზღუდვები და ადამიანს ეხმარება გონების სისხარტის გავარჯიშებასა და მოქნილობაში.
განვითარების მიღწევაში საქართველოსაც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან პირველი სასწავლო ჯგუფი მე-19 საუკუნეში, კერძოდ ქუთაისში ჩამოყალიბდა ავსტრიელი ნიკოლოზ ბრაისის თაოსნობით და ამის შემდეგ გრძელდება წარმატებული ისტორიის შექმნა. დღესდღეობით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა უამრავი კლუბი, მათ შორის რეგიონებში: იმერეთსა და ქვემო ქართლში.
ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა, რომელმაც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგით მეორე ადგილი დაიკავა და ამით მსოფლიოს საქართველო გააცნო და დაამახსოვრა თავი, როგორც შესანიშნავი და წარმატებული მოფარიკავე.
ჯგუფებში მიღება იწყება ხუთი წლიდან და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფარიკაობით უამრავი შშმ პირი ინტერესდება და მათთვის ეს სპორტი სახალისო და საინტერესოა.
ფედერაცია ჩართულია რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებაში, მაგალითად: საქართველოს ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები და ახლა უკვე 2023 წლის მაისში ფედერაცია ორგანიზაციას გაუწევს 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმში.
თბილისში არსებული მთავარი კლუბის მისამართია ჭავჭავაძის 49, სადაც თითქმის უკვე შედგენილია ჯგუფები, თუმცა მთავარია სურვილი და მონდომება, რადგან, ფარიკაობის ფედერაციაში ადგილი ყველასთვის არის.