საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტი, ტყის ველური ტურიზმი იქმნება.
ახალ მიმართულებაზე ტყის პროდუქტების ასოციაცია ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად მუშაობს. წელს რამდენიმე საცდელი ტურის ჩატარებაც იგეგმება. ტყის ველური ტურიზმის მიმართულება სრულყოფილად კი მომავალი წლიდან გააქტიურდება.
“ვმუშაობთ ახალ ტურისტულ პროდუქტზე, ტყის ველურ ტურიზმზე. ამ მიმართულებით დასაქმდებიან გიდებიც. ვფიქრობ, ახალ პროდუქტს ჩვენს ტურისტებს მომავალი წლიდან აქტიურად შევთავაზებთ. წელს იქნება საცდელი ტურები, ჩატარდება ტრენინგები და გადამზადდებიან გიდები, ვინაიდან, ეს არის ახალი სერვისი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეს მიმართულება დამოკიდებულია სეზონზე, რადგან ტყეში არსებული პროდუქტებიც სეზონურია. იქნება ეს კენკრა, სოკო, სამკურნალო მცენარეები, თუ სხვა. ვიზიტორებს, რომლებიც დაინტერესდებიან ველური ბუნებითა და ტყით, უნდა შევთავაზოთ სეზონური ტურები. ამ ტურში ისინი არა მარტო მოიპოვებენ ტყის პროდუქტებს და გაეცნობიან მათ, არამედ შემდეგ დააგემოვნებენ. ეს იქნება ტურისტული ქსელის ჯაჭვური კავშირი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სრულიად ახალი სერვისია, ვფიქრობ, დაინტერესებაც დიდი იქნება. ჩვენ კვლევას ევროკავშირის ბაზარზე ვატარებთ”,- განაცხადა “ბიზნესპარტნიორთან” ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი გუჯარაიძემ.
მისივე თქმით, ტურები რეგიონების მიხედვით დაიყოფა, სამიზნე ბაზარი კი ძირითადად ევროკავშირი იქნება.
“მაგალითად, მოცვი მოიპოვება გურიაშიც, იმერეთშიც, ხევსურეთშიც და თუშეთშიც. ხევსურეთსა და თუშეთში ეს პროდუქტები აგვისტოს დასაწყისიდან მოიპოვება, ხოლო იმერეთში უფრო ადრე ივლისში. სწორედ რეგიონების შესაბამისად დაიგეგმება ტურები. სამიზნე ევროკავშირის ბაზარია. ასეთი პროდუქტებით ძირითადად იტალიელები, ფრანგები, ამერიკელები და ავსტრალიელები ინტერესდებიან. ამ ქვეყნებში არსებობს კიდეც მსგავსი პრაქტიკა”,- აღნიშნა მან.
წყარო : ბიზნესპარტნიორი