სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტულ ფქვილზე დროებით გადასახადის დაწესების გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და დახმარების მიღების მიზნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.
საქართველოში არარენტაბელური გახდა ფქვილის წარმოება, რადგან ხორბლისგან განსხვავებით ბოლო 2 წელია საექსპორტო ბაჟი არ მოქმედებს ფქვილზე. როგორც ჩანს, მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების პროტესტი გახდა მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ მთავრობა ბიზნესს ფქვილის იმპორტის შემზღუდავი მექანიზმის შემოღებას დათანხმდა.ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესების პირობებში წისქვილები ვალდებულნი იქნებიან კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი და პურის მწარმოებლებს ისეთი პირობებით მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს
„წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, 53 ლარზე მეტ ფასად ერთი ტომარა ფქვილი არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე პურის ქარხნებისათვის. მეორე პარამეტრია, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ხორბლის ძველი მოსავლის მიღებაზე. ეს არის დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში 1 კილოგრამი ხორბლის მიღება წისქვილკომბინატების მიერ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში [2021 წლიდან დღემდე] გაჩერებული იყო 80-მდე წისქვილი, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე. ეს გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო მიღებული საშიშროების წინაშე ვიდექით, რომ დარგი შეიძლება უკვე გადაწყობილიყო მთლიანად იმპორტზე“,-აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
მთავრობას შესაბამისი დადგენილება არ გამოუცია,შესაბამისად ოფიციალურად გადასახადის ის მოცულობა არ არის ცნობილი, რასაც საქართველო იმპორტირებულ ფქვილს დაუწესებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია „ბარაქას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 200 ლარი ტონაზე იქნება გადასახადის ის მოცულობა, რასაც საქართველო მომდევნო 5 თვის განმავლობაში იმპორტირებულ ფქვილს დაუწესებს.
„ფქვილის იმპორტზე დაწესდა დამატებითი გადასახადი 200 ლარის მოცულობით დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს ადგილობრივ მწარმოებლებს სხვა უცხოელ მწარმოებლებთან მიმართებაში“,-აცხადებს ლადო ბიძინაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური 10 ივნისიდან შევა ძალაში. ფქვილის იმპორტის ზრდის პარალელურად მცირდებოდა ხორბლის იმპორტი. 2022 წლის მდგომარეობით ბოლო ერთ წელიწადში საქართველომ 29 მლნ დოლარით და 183 ათასი ტონით ნაკლები ხორბალი იყიდა. კონკრეტულად რუსეთიდან შემცირება 25,8 მლნ დოლარი და 163,7 ათასი ტონა იყო.