საზოგადოებაRSS კატეგორია

Shark Tank Georgia-ს მიერ დაფინასებული პირველი მიუზიკლი

0
გაზიარება

დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილისა და რეჟისორ დათო დოიაშვილის, იგივე დოის სახელები ჩვენთვის უცხო არაა. თეატრის მოყვარულებს, ვინ იცის, რამდენჯერ გვინახავს მათი ნამუშევრები სცენაზე და მათი შემოქმედებით აღფრთოვანებულებიც დავრჩენილვართ. თუმცა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს Shark Tank Georgia-ს ბიზნესიდეების კონკურსზე ამ დუეტს მონაწილეების რანგში ვნახავდით. 

ზოგადად, ყოველთვის მაქვს პერიოდები, როცა რაღაც ახლის დაწყება მინდა. 7 თუ 8 წლის წინაც, როცა თავდაპირველად ეს იდეა გამიჩნდა, ასეთი პერიოდი იყო. გაჩნდა სურვილი, რომ გაგვეკეთებინა მიუზიკლი, რომელსაც, მოგეხსენებათ ორი რამ სჭირდება: პიესა და მუსიკა. მუსიკას რაც შეეხება, თავიდანვე ვიფიქრე, რომ ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. მე და გიორგი ასანიშვილი თავის დროზე მისი პროდიუსერები ვიყავით და გვქონდა ეს სურვილი, რომ მიუზიკლში მისი სიმღერები გამოგვეყენებინა. 

ამის შემდეგ უკვე დოის გავუზიარე ეს იდეა, რომელსაც ძალიან მოეწონა ის. მაშინდელი მუსკომედიის თეატრი ჯერ კიდევ ძველ შენობაში იყო, სადაც გახსოვთ ალბათ, რომ ცოტა უცნაური სივრცე იყო იმ მხრივ, რომ იყო ფოიე და ამ ფოიეშივე იდგა სცენა. ამ დროს გაჩნდა თეატრის ახალ შენობაში გადატანის იდეაც, რასაც წესით, ერთი წელი უნდა დასჭირვებოდა, თუმცა ამ ამბავს 6 წელი დასჭირდა. ჩვენც ამას ველოდებოდით, რომ ისევ გაგვეცოცხლებინა მიუზიკლის იდეა. ხან პანდემია დაიწყო და მოკლედ, რაღაც მიზეზები სულ გვიშლიდა ხელს. 

ბოლოს, როგორც იქნა, მივედით იქამდე, რომ პანდემიაც დამთავრდა, ახალი სცენაც გვქონდა, პიესაც დაწერილი იყო, გიორგი ასანიშვილს არანჟირება უნდა გაეკეთებინა ირაკლის მუსიკაზე და გვჭირდებოდა დაფინანსება. მიუზიკლს კი ერთი უცნაური თვისება აქვს, მინდა, გითხრათ – ის ჩვეულებრივ სპექტაკლზე ბევრად ძვირი ჯდება. აქ ადამიანი მხოლოდ ამბის სანახავად კი არა, მუსიკის მოსასმენადაც მოდის. ეს ორი ერთად კი უკვე ხარჯიანი ამბავია. ჩვენმა მეგობარმა, ირაკლი ჩხიკვაძემ, რომელიც Shark Tank-ის რეჟისორია, გვირჩია პროექტში მონაწილეობის მიღება. Სულ რაღაც 2-3 დღეში შევკარით პრეზენტაცია და გავედით შარქებზე, სადაც უკვე ბიზნესმენებსაც მოვაწონეთ იდეა, როგორც ჩანს და ავიღეთ დაფინანსება 200, 000 ლარის ოდენობით.

მარტივი, რა თქმა უნდა, არ იყო. მით უმეტეს, რომ ასეთ პროექტში მონაწილეობის არავითარი გამოცდილება არ გვქონდა. ზოგადად, მე თავად ვარ ისეთი, რომ ყოველთვის ვერიდები ზედმეტ ხალხს, მაგრამ დავინახე, რომ გაჩნდა რეალური შესაძლებლობა, რომ დაფინანსება აგვეღო საყვარელ საქმეში. თან აქ შემოდის მეორე მომენტიც, რომ როცა დათო დოიაშვილი დგამს სპექტაკლს, ყველამ იცის, რომ ამ სპექტაკლზე ხალხი დადის, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ შემოსავალიც იქნება. ახალი თეატრი, სადაც ახლა დოი სპექტაკლებს დგამს, 400-კაციან დარბაზს ავსებს და ბილეთები აფიშის დადებიდან რამდენიმე დღეში ქრება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია წარმატების დიდი იმედი გვქონდეს. 

ეს ყველაფერი ვეცადეთ, სწორად მიგვეტანა შარქებამდე და დაგვერწმუნებინა, რომ როცა წერ საინტერესო პიესას, დგამ კარგ სპექტაკლს, თეატრი შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი. 

რაზეა პიესა?

1980 წელია. ახალგაზრდა ბიჭი, პოეტი, რომელიც ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, არის მთავარი გმირი. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთის ომში მონაწილეობდა და ყველა იმ დროინდელ წვევამდელს ჰქონდა იმის შიში, რომ ჯარში თუ წავიდოდა, აუცილებლად ავღანეთის ომში მოხვდებოდა. ეს ჩვენი მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ დატოვოს საბჭოთა კავშირი და წავიდეს ქვეყნიდან. მაშინ საბჭოთა საქართველოს დატოვების ერთ-ერთი გავრცელებული გზა იყო ტივტივათი გადასვლა. ეს ბიჭიც გადაწყვეტს წასვლას ამ ფორმით, მაგრამ მოხდება ისე, რომ წასვლის წინ ერთი გოგონა შეუყვარდება და ამ დილემის წინაშე დგას – დატოვოს სიყვარული და წავიდეს იქ, სადაც არც იცის წინასწარ, რა ელოდება თუ დარჩეს საყვარელ ადამიანთან? ეს არის მიუზიკლის ფაბულა.

ჩვენ სპექტაკლზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს: გვყავს როლების შესრულების რამდენიმე კანდიდატი და ამ შერჩევის ეტაპზე ვართ. როგორც დოი ამბობს, სექტემბრის ბოლოსთვის ალბათ უკვე პრემიერისთვისაც მზად ვიქნებით. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ძალიან კარგი სპექტაკლის გამოშვებაა”.

მსგავსი სიახლეები

კონტროლიორების დაწერილმა ჯარიმებმა 5 თვეში 1.7 მლნ ლარს გადააჭარბა

წელს, 6 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 1 735 471 ლარი შეადგინა, რაც 394,8 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი განათლებისა და დასაქმების მიღმაა დარჩენილი – აისეტი

აისეტის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი განათლებისა და დასაქმების მიღმაა დარჩენილი. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ ისაუბრა. „საბჭოთა კავშირის…

ხელოვნურ თმა ბანანისგან -150 გრამი თმის ფასი 50 დოლარს შეადგენს

უგანდელი მეწარმე, ჯულიეტ ტუმუსიი სააგენტოსთან USAID-თან მუშაობისას, ადგილობრივ ფერმაში ვიზიტის დროს მიხვდა, რომ ბანანის კულტივაციისას ბანანის ღეროების უზარმაზარი რაოდენობა უბრალოდ იყრება და დაიწყო ფიქრი, თუ როგორ…

სიმაღლეზე მუშაობის წესები მკაცრდება – სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან

„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვილილებები შევიდა. დოკუმენტის თანახმად, სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან, სადაც არსებობს…

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია

საკონსულტაციო ფირმა Henley&Partners-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ. მათი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!