თბილისისთვის„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ ACES Europe-ის პრეზიდენტმა, ჯან ფრანცესკო ლუპატელიმ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ს სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. მერიის ინფორმაციით, თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად.
„სასიხარულო დღეა ჩვენთვის, დღეს ჩვენ წარვუდგინეთ პრეზენტაცია ფედერაციის პრეზიდენტს. როგორც მოგეხსენებათ ამ მიმართულებით ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა. სასიხარულოა, საერთაშორისო დონეზე ხდება ამის აღიარება. მომავალ წელს ჩვენ ასოციაციასთან ერთად ვგეგმავთ საერთო ღონისძიებას და გვინდა თბილისი ევროპულ ქალაქებთან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით აქტიურად ჩაერთოს პარტნიორობაში”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.
ACES Europe-ის პრეზიდენტის ჯან ფრანცესკო ლუპატელის განცხადებით, თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად განაცხადი გააკეთა „ევროპის სპორტის დედაქალაქის სტატუსის“ მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სტატუსი ვერ მიიღო და შესთავაზეს, თბილისი ყოფილიყო სპორტის ქალაქი 2025 წლისთვის. ამასთან, მისი თქმით, თბილისს აქვს პოტენციალი, რომ „ევროპის სპორტის დედაქალაქის” სტატუსი მიიღოს.
„თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად განაცხადი გააკეთა ევროპის სპორტის დედაქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ დედაქალაქის სტატუსი ვერ მიიღო, თუმცა ვიცოდით თბილისის შესაძლებლობები და უფასოდ შევთავაზეთ თბილისს, რომ ყოფილიყო სპორტის ქალაქი 2025 წლისთვის. დადებითად შევაფასეთ დედაქალაქში სპორტის მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურა. თბილისს აქვს პოტენციალი, რომ “ევროპის სპორტის დედაქალაქი” გახდეს”, – განაცხადა ჯან ფრანცესკო ლუპატელიმ.
ინფორმაციისთვის, ACES Europe” ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ოფიციალური პარტნიორია. „ACES Europe” ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.