თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისიდან, თბილისში 42 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო 50 ერთეული დღე-დღეზე შემოვა
„160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა უკვე განხორციელდა. 50 ერთეული დღე-დღეზე შემოვა და მალევე, 2024 წლის დასაწყისიდან 42 ერთეული ხაზზე გავა, რადგან გარკვეული რეზერვი საჭიროა“, – თქვა ვიქტორ წილოსანმა.
Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსის ტენდერში გამარჯვებულად მიმდინარე წლის მაისში “თეგეტა მოტორსი” გამოცხადდა.
“თეგეტა მოტორსის” მიერ წარდგენილი საფასო ცხრილის თანახმად, ერთი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარია, ხოლო 200,000 კილომეტრზე ერთი ავტობუსის დამატებითი ტექნიკური მომსახურების ღირებულება 91,099 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ავტობუსის შესყიდვის და 200,000 კილომეტრზე მისი ფლობის საფასური 1,618,759 ლარს შეადგენს.