საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებისიახლეებიტექნოლოგიები

ტექნოლოგიურმა გიგანტებმა სამ დღეში დაკარგეს $1 ტრილიონის საბაზრო ღირებულება

0
გაზიარება

ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია გრძელდება – მხოლოდ სამ სავაჭრო დღეში უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (Apple, Amazon, Microsoft, Google, Tesla, Meta, Nvidia), დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულება დაკარგეს.

გასულ 24 საათში აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) 3.2%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ღირებულება, დაახლოებით, 2%-ით დაეცა; ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი 4.3%-ითაა შემცირებული.

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის, Apple-ის აქციების ფასი ერთთვიან ჭრილში 8.3%-ითაა შემცირებული, გასულ სამ სამუშაო დღეში კი მისი საბაზრო კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 220 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ერთ თვეში ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ტრილიონიანი კომპანიის სტატუსი დაკარგა, რადგან მისი ღირებულება თითქმის 19.5%-ით, $815 მილიარდამდე შემცირდა.

Microsoft-მა ერთ თვეში ღირებულების 7.3% დაკარგა, მხოლოდ გასულ სამ დღეში კი – 189 მილიარდი დოლარი.

Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა ერთ კვირაში $123 მილიარდი დაკარგა, ერთთვიან პერიოდში კი მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 12.7%-ითაა შემცირებული.

საფონდო ბირჟების ვარდნისა და არასახარბიელო კვარტალური შედეგების გასაჯაროების ფონზე, Amazon-ის აქციები 30 დღეში დაახლოებით 28%-ით დაეცა, მოკლევადიან პერიოდში კი მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 173 მილიარდი დოლარითაა შემცირებული.

იმედისმომცემი ფინანსური შედეგების მიუხედავად, დაღმასვლის ტენდენციას ვერ გადაურჩა Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია Meta-ც, რომლის საბაზრო ღირებულება 70 მილიარდი დოლარითაა შემცირებული, ერთ თვეში მისი აქციები კი 9.4%-ით დაეცა.

ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრად ვარდნის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდაა. საგულისხმოა, რომ გასულ კვირას FED-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავდაპირველად ტრეიდერებმა და ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და ზოგადი ინდექსები საშუალოდ 3%-ით გაიზარდა, თუმცა მომდევნო დღის სავაჭრო სესია დაღმასვლის ძლიერი ტენდენციით დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის მოსათოკად ფედერალური რეზერვი კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად იმოქმედებს კაპიტალის ბაზარზე, რადგან შედარებით სპეკულაციურ აქტივებზე მოთხოვნა შემცირდება, რისკის პრემია კი გაიზრდება. გარდა ამისა, FED-ს მოუწევს საკმაოდ რთული ბალანსის დაცვა, რათა ინფლაციის კონტროლის ფონზე ზედმეტად არ შეიზღუდოს ეკონომიკა და ქვეყანა სტაგნაციურ, ანუ კიდევ უფრო უარეს – სტაგფლაციურ მდგომარეობაში არ გადავიდეს.

გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, ევროკავშირის მხრიდან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობა და ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების ფონზე ე.წ. ლოკდაუნების დაწესება. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვისა და საქონლის გაძვირების რისკებს.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათის სავაჭრო სესია უოლ-სტრიტზე ჯერაც არ დაწყებულა, თუმცა ფიუჩერსულ კონტრაქტებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება: Nasdaq-ის სამომავლო კონტრაქტები 1.7%-ითაა გაზრდილი; 1.07%-ით მოიმატა S&P 500-ის ფიუჩერსების ღირებულებამ; Dow Jones-ის ფიუჩერსები კი 0.84%-ითაა გაზრდილი – აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ პანიკური ვაჭრობით გამოწვეული მკვეთრი კორექცია გარკვეულ მოკლევადიან დასასრულს უახლოვდებოდეს, ბაზრის ზოგადი სენტიმენტი კი უაღრესად დათვისებურიდან ხარისებურისკენ ინაცვლებდეს.

მსგავსი სიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…

საქართველოში დასაქმებულთა 2.1% აქვს 9 600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი

2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ინფორმაცია ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები…

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 11,288 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ, თითქმის, 335%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე),…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!