ამერიკულმა Tesla-მ ახალი თაობის ჰუმანოიდი რობოტი, Optimus Gen 2 წარადგინა, რომელიც წინამორბედთან შედარებით ყველა პარამეტრით გაუმჯობესებულია. ის 30%-ით უფრო სწრაფად გადაადგილება; აღჭურვილია მოძრაობის ახალი სენსორებით და ისევე შეუძლია მანევრირება, როგორც ადამიანს.
Optimus Gen 2-ს თავის მოძრაობის ფუნქციონალიც დაემატა, რაც მას უფრო მეტად ადამიანურს და ემოციურს გახდის.
კონკურენტებისგან განსხვავებით, Tesla-ს რობოტი ძალიან მსუბუქია და ის სულ რაღაც 55 კილოგრამს იწონის, მისი სიმაღლე კი 180 სანტიმეტრს აღწევს. გარდა ამისა, ის ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია და ის სულაც არ ჰგავს ასტრონავტის კოსტიუმში გამოწყობილ მანქანას, რასაც წლების განმავლობაში სხვა კომპანიებისგან მივეჩვიეთ.
თავად ჰუმანოიდი რობოტი ეს არის ადამიანის მსგავსი აღნაგობის მქონე მანქანა, რომელსაც ისეთი დავალებების და სამუშაოების შესრულება შეუძლია, რომელიც ადამიანისთვის საშიში ან ზედმეტად რთულია. მაგალითად, ჰუმანოიდ რობოტებს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვთ სამაშველო ოპერაციების ჩატარების და ფიზიკური მუშაობის კუთხით.
მეცნიერები ჰუმანოიდ რობოტებს ადამიანების თანაშემწეებად, დამხმარეებად და კომპანიონებადაც განიხილავენ. თეორიულად, რობოტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია პატრონს მოემსახუროს, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადი სერვისი აზიის რეგიონში შეიძლება იქნეს, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.
Tesla-ს გარდა, ჰუმანოიდი რობოტების შექმნაზე, ჩინური კომპანიების, ამერიკული Boston Dynamics-ის და სამხრეთ კორეული Hyundai-ს მეცნიერებიც აქტიურად მუშაობენ.