თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. აღნიშნულ ცვლილებას რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 2023 წლის 15 დეკემბერს გამოცემული ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება 2023 წლის ივლისში იყო მიღებული და მისი ხელახალი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.
განახლებულ ტარიფში განსაზღვრულია ევროს ფიქსირებული კურსი, რომლითაც ევროში შესყიდული მედიკამენტების ფასები დადგინდება.
“ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო პროდუქტების ფასის გამოთვლისთვის ერთი ევროს ღირებულება 17.5483 ლირით განისაზღვრება, რაც 25%-იანი მატებაა,”- ნათქვამია ბრძანებაში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთი ევროს რეალური ღირებულება ამჟამად 31.6 ლირას შეადგენს, შესაბამისად, ბრძანებით განსაზღვრული კურსი საბაზროსთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
ჯერჯერობით, უცნობია ეს საფასო მატება რა ეფექტს მოახდენს კონკრეტული მედიკამენტების ფასებზე და რა გავლენა ექნება მას საქართველოში თურქული ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე.