თხილის მწარმოებელი ფერმერები 500-ლარიან აგრობარათებს 2023 წლის მარტიდან მიიღებენ, რომლისთვისაც სახელმწიფოს მიერ 20 მლნ ლარი გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა აცხადებს
,,ინიციატივა ცალსახად მისასალმებელია. ეს ითვალისწინებს წამლების დაფინანსებას. პირველ ეტაპზე, ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დავიწყებთ თხილის რეესტრზე მუშაობას. აქაც, გარკვეული მონაცემები, ცხადია, ჩვენ გვქონდა, თუმცა სრულყოფა აუცილებელია. სამუშაოები დაიწყება და 3-4 თვე დასჭირდება. მას შემდეგ კი, რაც წამლობის აქტიური ფაზა დაიწყება გაზაფხულის დასაწყისში, მარტში დაირიცხება ქულები. ეს არ იქნება ნაღდი ანგარიშსწორება. ისარგებლებენ მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში.
ჩვენი გადაანგარიშებით 500 ლარი 1 ჰექტარზე სრულიად საკმარისია. რადგან ფაროსანა კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად, მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები და ამაში სახელმწიფოს ჩართულობა ფერმერებთან ერთად აუცილებლია. ჩვენის მხრივ, ასოციაცია სრულად ჩართული ვიქნებით განხორციელების პროცესში.ეს ცხადია არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. ვგულისხმობ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ტყისპირა პერიმეტრების და სხვა გარე პერიმეტრებზე წამლობას. ეს იქნება დამატებითი ღონისძიება, რომლის დიდ ეფექტსაც ველით, რაც უნდა იყოს, 2-3 წლის წინანდელი ოდენობის მოსავლის მიღება“, – განაცხადა თოდუამ “ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, საქართველოში თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი წელს 11.8%-ით შემცირდა. სწორედ აღნიშნული დასახელდა სუბსიდირების მიზეზად.